2021 წლის საახალწლო განათებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში თბილისის მერიამ თითქმის ერთი მილიონი, 986 524 ლარი დახარჯა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს მერიაში მიაწოდეს. ამის შესახებ On.ge წერს.
როგორც უწყებაში ამბობენ, შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია:
- შპს დანდი — საახალწლო სტრინგები;
- შპს ბენ 3 — საახალწლო გირლიანდები;
- შპს ღამის შოუ სტუდია — საახალწლო ნათურები და აქსესუარები.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. უცნობია, რამდენი დაიხარჯება ამ პერიოდში კონკრეტულად ნაძვის ხის განათებაში.
მერიამ გასულ წელს იტალიაში, მილანში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადასაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 195 800 ლარი იყო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯებოდა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი 21 ათასი. წელს მერიას ახალი ნაძვის ხე არ უყიდია, გადაკეთდა და დაემატა ტოტების ნაწილი.