სერგო ჩიხლაძე: შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ოცნება“ თვითონ იჯახუნებს კარს და კეტავს ყველანაირი მოლაპარაკების შესაძლებლობას

365

სანამ პატარა ფანჯარა, ნახევარი პროცენტიც კი რჩება მოლაპარაკების შესაძლებლობის, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, რომ ეს მოლაპარაკება არ ჩაშალოს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდაც რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ კეტავს მოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას.

„გუშინდელი ყოვლად არაკანონიერი, კონსტიტუციიდან გასული მუქარები, ტერორი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ აუმჯობესებს მოლაპარაკებების გარემოს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ამისთვის, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ იჯახუნებს კარს და თვითონ კეტავს შესაძლებლობას ყველანაირი მოლპარაკებების. მათგან განსხვავებით, ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე, რაც ოპოზიციას აქვს შეთავაზებული, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო გარემო და არანაირი სხვა საკითხები,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის ყველანაირი პროცედურა დასრულდება, ოპოზიცია ყველანაირი მშვიდობიანი გზის გამოყენებით განაგრძობს ხელისუფლებასთან ბრძოლას. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია რევოლუციურ სცენარს არ განიხილავს და ამაზე გადაკვრით მინიშნებაც კი არ ყოფილა შეხვედრებზე.

„პირველ რიგში, მანდატებზე უმეტესობამ უარი თქვა. ტექნიკურად კიდევ რჩება, დაახლოებით 2 კვირა, დააკმაყოფილებს თუ არა პარლამენტი განცხადებებს და ამ პერიოდში მოხდება თუ არა მოლაპარაკება, რაც რეალურად რომ გითხრათ, საკმაოდ ეჭვის ქვეშ არის. ხოლო, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ მოლაპარაკება შედგა ვადამდელ არჩევნებზე, ამას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და გამოსვლა არ სჭირდება, ამას სჭირდება პრემიერ-მინისტრის სამთავრობო განკარგულება. როგორც ჩანს, გაფორმდება, საბოლოო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტი და ამ შემთხვევაში ოპოზიცია აგრძელებს თავისი დღის წესრიგით მოქმედებას – ეს არის პარტიული სტრუქტურების გაძლიერება როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, ერთობლივ კოორდინაციასა და საკონსულტაციო რეჟიმში ყოფნა ოპოზიციური პარტიების და ყველა კანონიერი მშვიდობიანი მეთოდით ბრძოლა ხელისუფლებასთან, ეს არის შეხვედრები მოსახლეობასთან, მშვიდობიანი აქციები, ეს არის მედია აქტივობა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ოპოზიციურ შეხვედრას ვესწრები და არსად, არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერისა და წევრის მხრიდან არანაირი სცენარი, ან მინიშნება, ან გადაკვრით ნათქვამი რევოლუციაზე არ ყოფილა. ამას არ განიხილავს ოპოზიცია საერთოდ. არ ვუშვებთ, არც განვიხილავთ, არავის საუბარი არ ჰქონია რევოლუციურ სცენარზე,“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.