მუნიციპალური ინსპექცია: სამგორში 7 უკანონო ნაგებობა დავაფიქსირეთ, დემონტაჟისთვის ვადა 4 დღეა

514

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად 4 დღეს აძლევს.

ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ვინაიდან დამრღვევი ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ ნომერს და მოახდინოს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, 4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს და მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს თითოეული ასეთი დამრღვევი ფაქტის გამოსავლენად და განახორციელებს რეაგირებას“, – განაცხადა ჯღაკავამ.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა თბილისში განხორციელებულ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები მერთან შეხვედრას ამ დრომდე ითხოვენ.