“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება. რუსთავი 2-თან კომენტარში ელისაშვილი ამის მიზეზად ერთი მხრივ ქართული ოცნების მხრიდან “შანტაჟის ენით” საუბარს, მეორე მხრივ კი ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უკვე ოფიციალურად უარის თქმას ასახელებს.
“სულ უფრო მცირდება შანსი მოლაპარაკების და ის კარი სულ უფრო იხურება, სამწუხაროდ. როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების გაუქმებაზე შანტაჟის ენით ლაპარაკობს “ქართული ოცნება” და კობახიძე. მეორე მხრივ, ოპოზიცია თან იძახის მოლაპარაკებები მინდა და თან სიებს აუქმებს და მანდატებს ხევს, რაც არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, ხალხისაც და ელჩებისაც, რომლებსაც ამაში უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული. ასე რომ, სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა რჩება, რომ შევთანხმდეთ”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა არ მოაწერეს ხელი საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას მანდატების უკვე ოფიციალურად გაუქმების შესახებ, რომელიც, სიმბოლურად, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართა. პარტიას აქამდე არც ცესკოსთვის მიუმართავს პროპორციული საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით. “მოქალაქეების” ლიდერები აცხადებდნენ, რომ სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ.