„დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარის, ეკატერინე ციმაკურიძის შეფასებით, პარტიათა დაფინანსების და პარტიის რეგისტრაციის წესებში ცვლილებებზე საპარლამენტო მსჯელობა ისე, რომ პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ოპოზიცია და ის ბოიკოტის რეჟიმშია, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.
მისი განმარტებით, დაუშვებელია პარტიების საქმიანობის მოწესრიგება ისე, რომ ცვლილებებზე მსჯელობაში თავად ის პარტიები არ მონაწილეობენ, რომელთაც ეს ცვლილებები შეეხება.
ამასთან, როგორც ეკატერინე ციმაკურიძე აღნიშნავს, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, ეწინააღმდეგება პარტიების დაფინანსების მთავარ პრინციპსა და მიზანს.
„ინიციატივა ასევე შეეხება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ქართული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე უტოლდება პარტიის აკრძალვას. რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტს შეეზღუდება შესაძლებლობა განახორციელოს მთავარი მიზანი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის დადგენილია მაღალი სტანდარტი, რომლის დასაკმაყოფილებლად ვერ იქნება საკმარისი ამ პარტიის ლიდერისთვის ამა თუ იმ ცენზის დაწესება. იმისათვის, რომ არ შეექმნას საფრთხე ქვეყანაში პარტიულ პლურალიზმს, საჭიროა დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ითვალისწინებდეს ისეთივე მაღალ სტანდარტს, როგორიც ეს კონსტიტუციითაა დადგენილი.
ყველა ზემოხსენებული ცვლილება ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტიის მიერ სხვა პარტიების წინააღმდეგ ერთპარტიულად დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გამოყენებულია როგორც დასჯის მექანიზმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების მიმართ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოიკოტი პოლიტიკური პროტესტის ფორმაა და პარტიებზე ზეგავლენის მოსახდენად საკანონმდებლო ცვლილებებით მანიპულაცია ვერ იქნება დემოკრატიის მთავარ პრინციპებთან შესაბამისობაში“,-აღნიშნულია „დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარის, ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებაში.
ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.