სხვადასხვა რეგიონში, 1500-ზე მეტი ბავშვისთვის აშენდა 20 ახალი სკოლა, წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან განათლებისა და სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას.
„დაიწყო 100 სკოლის რეაბილიტაცია, 700-ზე მეტ სკოლაში კი მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა სახურავები და კარ-ფანჯარა. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი ლარია, დაიწყო 31 ბაღის მშენებლობა 1700 ბენეფიციარისათვის, დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000-მდე ბავშვისთვის, წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება კიდევ 14 ბაღის მშენებლობა, უკვე დასრულდა 5 ბაღის რეაბილიტაცია, რასაც მომავალ წელს კიდევ 1 განახლებული ბაღი დაემატება,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდა წელს გურჯაანსა და კასპში ინოვაციური ცენტრების სახით, რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 85 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მოხმარდა ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისა და ფოთის სპორტ-კომპლექსის მშენებლობის ძირითად სამუშაოებს. სტადიონების მშენებლობა ასევე გრძელდება ზუგდიდში, ხაშურსა და მარნეულში. დაგეგმილია ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავისა და ზუგდიდის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა”,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.