„2017-2018 სასწავლო წლის დაწყებისთვის, თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა“ – ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, ახლადგახსნილ ბაღებში, სადაც 325-მდე ადამიანი დასაქმდა, დამატებით 1500 აღსაზრდელის მიღება გახდა შესაძლებელი.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გარდა ახალი ბაღების გახსნისა, არდადეგების პერიოდში, 84 საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის მასშტაბური თუ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდა.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მთელი დედაქალაქის მასშტაბით ბაღებში დასაქმებული კადრების აქტიური გადამზადება მიმდინარეობს.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბაღების მშენებლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უკვე 2018 წელს, თბილისში, ეტაპობრივად, კიდევ 13 ახალი საჯარო ბაღი გაიხსნება.