კობახიძე: ვეხმარებოდით ოპოზიციას, რომ დაშლისა და განადგურების მიმართულებით წასულიყვნენ – მადლობა ღმერთს, პარლამენტში აღარ იქნებიან

354

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეხმარებოდით რადიკალურ ოპოზიციას იმაში, რომ ისინი წასულიყვნენ დაშლის და განადგურების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ დემოკრატიას სჭირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მომავალში პარლამენტში აღარ იყვნენ.

„სუბიექტურად ჩვენ ეს ინტერესი ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ქართულ დემოკრატიას სჭირდება ის, რომ „ნაცმოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ და ასეთი პარტიები მომავალში არც პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. მადლობა ღმერთს პარლამენტში აღარ იქნებიან ძალიან მალე. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი კამპანიით, რაც წარვმართეთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ შედეგი ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, მათ მოახერხეს 27%-ის ანუ 500 000 ხმის აღება, რაც არის მძიმე. როდესაც ასეთი წარსულის მქონე პოლიტიკური პარტია იღებს ნახევარ მილიონ ხმას განვითარებული კულტურის მქონე ქვეყანაში, ეს არის მძიმე და ალბათ, აქ ჩვენი პასუხისმგებლობაც უნდა გავიზიაროთ. ასეთი პოლიტიკური პარტია არ უნდა იღებდეს ნახევარ მილიონ ხმას და ჩვენი ბრალიც არის შეიძლება, რომ იმ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი თვითგანადგურების რეჟიმშია.

„რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დახარჯეს ამ არჩევნებში. საიდან აქვთ ეს ფული? თავის დროზე წაღებული ფული იმ კორუფციიდან, რომელიც იყო გამეფებული ქვეყანაში იმ 9 წლის განმავლობაში. ეს ფული აქვთ წაღებული და აქვთ ყულაბები ცალკე სააკაშვილს, ცალკე ადეიშვილს და ცალკე კეზერაშვილს და ამ ფულს ხარჯავენ ხოლმე ისინი არჩევნებზე. ამ ხალხისგან მოპარული ფული დახარჯეს და ამ ფულით იმ ნახევარ მილიონ ადამიანს მიაცემინეს ხმა. მთავარი არის ის, რომ ახლა ჩაირთო თვითგანადგურების რეჟიმი და ეს რეჟიმი ჩართეს თვითონ, ბოკერიამ, სააკაშვილმა, გვარამიამ. საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს ძალიან სწორ ევოლუციას ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ჩვენ, ბუნებრივია, ამას ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა კობახიძემ.