“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდათ.
„ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს და აღნიშნა რომ მათი გუნდი ჰუმანურ აქტებს ემხრობა.
„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო, ჩვენ ჰუმანური აქტების მომხრე ნამდვილად ვართ, მაგრამ არა ვაჭრობის ხარჯზე, ყველასთვის მიდგომა სამართლიანი უნდა იყოს, თანასწორი და არა შერჩევითი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.