ხვიჩია: მანდატებზე უარს ვიტყვით, როდესაც დავინახავთ, რომ პარლამენტში არ არის კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი ადამიანების რაოდენობა

327

ჩვენ ჩავხსნით სიას და უარსაც ვიტყვით მანდატებზე მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ პარლამენტში არ არის კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი ადამიანების რაოდენობა. მოლაპარაკებებზე რასაც ვითხოვთ, იმას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, სულ მცირე, 113 ადამიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩს“ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ჩვენ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში ფასილიტატორებთან და როცა დავინახავთ შედეგს, რომ პარლამენტი არ შედგა, მაშინ იგივეს გავაკეთებთ. პროცესი რომ დაზიანებით მოვიდა აქამდე და ჩიხი ამიტომ გვაქვს, მგონი, ეს ცალსახა ამბავია. მე ხო ვუშვებ, რომ მოლაპარაკება წარმატებითაც შეიძლება დამთავრდეს, ამ დროს დაწერილია განცხადება და ზოგიერთი შეიძლება დაკმაყოფილებულიც იყოს. ვერ ვხვდები, მერე ეს ხალხი ისევ უკან დაწერს განცხადებას ბატონი კობახიძის სახელზე ან ბატონი თალაკვაძის სახელზე რომ უკან დააბრუნონ? ვინაიდან ვერ ვიგებ რაღაცებს, არ მინდა მონაწილეობა იმაში, რასაც ვერ ვიგებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ბევრი რამ მიუთითებს, რომ მოლაპარაკება წარმატებით ვერ დასრულდება.

„ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან ამ ქვეყნის მეგობრები და სრულიად უპატივცემულობაა ჩემი აზრით, რომ პესიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ მოლაპარაკების მიმართ. ის პესიმიზმი, რომელიც ჩემს სიტყვებში გამოსჭვივის უფრო ჩვენი მხარის პრობლემითაა განპირობებული. შანსი არსებობს, რომ როგორც მარტში გამოვედით კრიზისიდან, ახლაც გამოვიდეთ. ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც სიგიჟეში ჩაითრია დანარჩენი ოპოზიცია, ფასილიტატორებიც. ორივე მხარე, მიდრეკილია, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.