B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს.
„B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება 1 წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა განახორციელა. რეფორმის შედეგად ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ტაქსი არის თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით გადაადგილდება ქალაქში და მგზავრის აყვანა შეუძლია როგორც ქუჩიდან, ისე ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით; B კატეგორიის ტაქსის არ აქვს ფერის შეზღუდვა და მუშაობს მხოლოდ ონლაინ გამოძახების სერვისით.