თბილისის საბავშვო ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელი ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ტენდერი დასრულდა და მასში, შარშანდლის მსგავსად, „ბარამბომ“ გაიმარჯვა. კომპანია ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 430 ათასი ლარი დაიხარჯება.
ნაკრებში შედის „ბარამბოს“ წარმოების სხვადასხვა სახის ტკბილეული. შესყიდვის მოთხოვნების მიხედვით, შერჩეული ნუგბარი არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს, ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს, გმო-სა და ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, და მისი შემადგენლობა თანხვედრაში უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საახალწლო საჩუქრების გატანას საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების მშობლები ან მეურვეები იმ პროდუქტებთან ერთად შეძლებენ, რომელიც თბილისის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში გაზაფხულიდან უკვე მეთორმეტედ, დეკემბრის ბოლოს გაიცემა.