თბილისის მერია 2021 წლის საახალწლო კონცერტის მოსაწყობად 491 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. უწყება მომსახურებას გამარტივებული წესით შეისყიდის. კონცერტს მაყურებელი არ დაესწრება და საზოგადოება მას პირდაპირ ეთერში იხილავს. ამის შესახებ On.ge წერს.
მერიაში აღნიშნავენ, რომ საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას — სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას. კერძოდ, სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი, საიდანაც შესრულდება მუსიკალური ნომრები.
თუმცა, მერია გეგმავს შემსრულებლებმა იმღერონ არამხოლოდ დეკორაციიდან, არამედ ნამდვილი ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.
“კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლების ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები”, — ვკითხულობთ აღწერაში.
შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მერია აღნიშნავს, რომ საახალწლო დღესასწაულებისადმი, მათ შორის ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.
უწყებაში, ასევე, განმარტავენ, რომ შესყიდვა წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, რადგან ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტოროა. ამასთან, მათივე თქმით, “იკვეთება შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს”.
ამასთან, უწყება კითხვარის იმ ნაწილში, სადაც უნდა მიუთითოს მიზეზი, რატომ ვერ მოხდებოდა მომსახურების შესყიდვა ტენდერის სახით, ამ განმარტებას წერს:
“ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან (რეჟისორი, დირიჟორი, მხატვარი, დიზაინერი და სხვა) და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები. მეტწილად, შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე”.
მონტაჟისა და დემონტაჟის ჩათვლით, ღონისძიების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრამდე პერიოდი.