კოვზანაძე: მთავრობის ფორმირების შემდეგ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყება

375

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს ბევრი სამუშაო აქვს და მთავარი დოკუმენტი, რაზეც მან უნდა იმუშაოს 2021 წლის ბიუჯეტია.

როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება მუშაობა ბიუჯეტის პროექტზე.

კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტთან ერთად კომიტეტმა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს მუშაობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეც.

„დღეს საორგანიზაციო სხდომა გვაქვს. კომიტეტის დებულებას დავამტკიცებთ და შემდეგ ავირჩევთ ორ მოადგილეს. თავისუფალი დარჩება კვოტა ოპოზიციის მხრიდან. ჩემი სურვილი იქნება, რომ ოპოზიციამ ეს კვოტა შეავსოს. საერთოდ სამუშაო ბევრი გვაქვს. როგორც კი მთავრობის ფორმირება მოხდება, უნდა დავიწყოთ ბიუჯეტის განხილვა, იმიტომ რომ სრულიად ახალი ვერსიაა ბიუჯეტის შემოტანილი, შეცვლილია ყველა პარამეტრი და მოგვიწევს კომიტეტში ბიუჯეტის ფუნდამენტური განხილვა. ასევე განსახილველი იქნება ფულად- საკრედიტო პოლიტიკა და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტს ძალიან ბევრი სამუშაო ექნება და დღეს ვიწყებთ საორგანიზაციო საკითხების განხილვას“,-აღნიშნა მან.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ირაკლი კოვზანაძის თქმით, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია პროცესში მონაწილეობდეს.

„ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მონაწილეობდა საფინანსო სფეროს საკითხების განხილვაში იყვნენ კომპეტენტურები, კვალიფიციურები, მათი აზრები, წინადადებები და კრიტიკა მნიშვნელოვანი იყო და ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს ამ პროცესებში“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.