თელავის თეატრის წინ, კარავში მყოფ პირებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული რამდენიმე პირი, სიტყვიერად დაუპირისპირდა, კარვის დანგრევით დაემუქრა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა.
კარავში მყოფი ერთ- ერთი აქტივისტის, რამაზ აივაზაშვილის ინფორმაციით, მოქალქეები ოთხი მანქანით იყვნენ და შეურაცხყოფას პოლიციის თვალწინ აყენებდნენ.
“ოთხი მანქანით იყვნენ, პრეტენზია ქონდათ თითქოს მე ვთქვი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მოხდა რუსეთისგან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. შემდეგ თქვეს, რომ კარავს ჩაუბამენ მანქანას და გაათრევენ. მერე მე დამინიშნეს შეხვედრა. რიგითი პატრულები ცდილობდნენ გაშველებას. სხვა მხარეს იდგნენ მაღალჩინოსნებიც. თუმცა, არ მოხდა საკმარისი ჩარევა მათი მხრიდან” – განაცხადა აივაზაშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კონფლიქტის ერთ- ერთი ინიციატორი პარკ ნადიკვარზე მდებარე რესტორნის მფლობელი და ” ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, ლადო საყვარელიძეა.
რადიო ჰერეთთან, მან აქტივისტებთან დაპირისპირება უარყო.
“აქციის მონაწილეებთან თელაველების სახელით მივედი და მარტო ვიყავი. შენიშვნა კი საჯარო გამონათქვამების გამო მივეცი.არავითარი დაპირისპირება არ გვქონია” – განაცხადა საყვარელიძემ.
ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები თელავის თეატრის წინ განთავსებულ კარავში ათენებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.