კუჭავა: ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები გამოიყენონ

350

ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები გამოიყენონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კუჭავას თქმით, ევროპარლამენტარების და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვერასდროს ვერ ექნება მოწონება იმას, რომ ოპოზიციამ ქუჩიდან ისაუბროს.

„ძალიან კარგად ჩანს მათი განწყობა. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები გამოიყენონ, ქუჩის ნაცვლად სადებატოდ და საკამათოდ პარლამენტში გადმოინაცვლონ.

ეს არის რეალობა. ვერასდროს ვერ ექნება მოწონება ევროპარლამენტარების მხრიდან მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმას, რომ ქუჩიდან ისაუბრონ. მათ, როგორც არასდროს ისეთი ძლიერი უფლებები აქვთ დღეს პარლამენტში კანონით და რეგლამენტით მინიჭებული, პირველად არის, რომ ამხელა სპექტრია წარმოდგენილი. მათ სრულფასოვნად შეუძლიათ ამ ფუნქციის გამოყენება, მათ შორის საგამოძიებო კომისია და სხვა საკითხით. ამიტომ ერთადერთი გზა, სწორი ევროპული გზა, რომლითაც ვიღწვით ქართველი ხალხი, არის საპარლამენტო საქმიანობა“,-განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

როგორც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, დასანანი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს.

ევროპარლამენტის წევრმა, ესტონელმა პოლიტიკოსმა ურმას პაეტმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ხელს შეუშლის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას.