გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფესიბუქ ლაივში” ისაუბრა.
მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება, ყველა მხარე გამარჯვებული გამოვა, უბრალოდ, „ვიღაცები შერცხვენილები იქნებიან“.
“ახალი არჩევნები გვინდა, პატიოსანი არჩევნები და სწორედ ამისთვის ვმუშაობთ მოლაპარაკებებზე და სწორედ ამის ჩაშლა უნდოდათ. ამის ჩაშლა უნდოდა კონკრეტულ პარტიას, რომლის ლიდერების ნაწილი ვერ მოხვდა პარლამენტში და ამიტომ არიან, რომ ურევენ ყველაფერს. დავინახე, ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ უნდოდათ ყველაფრის აყირავება. გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და იმიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა. შესაბამისად იცით რა უნდათ? პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება, არ უნდათ წესიერი საარჩევნო სისტემა – ამის აყირავება უნდოდათ და ამიტომ ავყვირდი, ამიტომ დავუპირისპირდი მათ და ამიტომ ავიღეთ ეს დარტყმები ჩვენ თავზე, მაგრამ მართლები ვართ საქართველოს წინაშე. ჩვენც განგვსაჯეთ, ისინიც განსაჯეთ, რომლებიც მანდატებს ხევენ და თან მოლაპარაკებებზე დადიან და თან პარლამენტში რომ შევლენ და მერე ნახავთ ვის ეყო გამბედაობა, ვინ წავიდა ყველაფრის წინააღმდეგ, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მართლები იყვნენ. ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით და მაგრად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ ვიძახით, რომ უისტორიულესი მომენტი არის ის შეთანხმება, იმიტომ, რომ ჩვენ “ქართულ ოცნებას” რაღაცები გამოვგლიჯეთ ელჩების მეშვეობით. თუ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ჩვენ ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები – იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ, ვიღაცები უბრალოდ შერცხვენილები იქნებიან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.