ჟვანია: წელს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია

540

წელს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია,- აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააკეთა.

როგორც ჟვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობდა კამპანიური ხასიათის ზეწოლა, უწყვეტ რეჟიმში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

„გამოიყენებოდა ინსტიტუციაზე ზეწოლის სრულიად მიუღებელი ფორმები. კომისიის წევრებს უწევდათ სტრესულ გარემოში საკუთარი საქმიანობის განხორციელება. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის არჩევნების შედეგები და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა.

ახლა დროებითი სამანდატო კომისია წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.