გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ დროისთვის სკოლის ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“თითქმის მორჩა, უზომოდ დაღლილებმა, მაგრამ უზომოდ ბედნიერებმა და ნაადრევად გაჭაღარავებულებმა, აკიაფებული განათების ფონზე დავტოვეთ სკოლა. ავეჯიც მოვიდა და დაცლასაც გავართვით თავი”, – ამბობს სკოლის დირექტორი, ელენე ხუციშვილი.
სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიხედვით, აშენდა Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სადაც განთავსებულია: 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია – არქივით; სამასწავლებლო; სასწავლო ნაწილის ოთახი; ბიბლიოთეკა წიგნსაცავით; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; რეკრეაცია;ფოიე გარდერობით, დერეფანი.
სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.