„ლელო“ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურ უარს ხვალ დააფიქსირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას იმის პრეცედენტი, რომ ადამიანებისთვის ხმების მოპარვა ვერავინ ვერასდროს გაბედოს.
„ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის ცერემონია, რომელსაც ჩვენ, დღევანდელი გადაწყვეტილებით შევუერთდებით და ამას იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი გაგრძელდება, რათა ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.
ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.