“დროის წნეხს ვხსნით და [ოპოზიციას] ვაძლევთ საშუალებას, როცა გაგიხარდებათ, პარლამენტის კარი ღიაა და შემოდით”, – ამის შესახებპირველი არხის ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა თქვა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ “პასუხისმგებლობა ჩვენზე არის, თუმცა, უპასუხისმგებლოები ისინიც არ უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ კრიზისში საკუთარი თავი თვითონ შეიყვანეს”.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, თუმცა, ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ თუ საკვანძო საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება (ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები), პარლამენტში არ შევლენ. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი “საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმის” ამოქმედებაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.
თეა წულუკიანის მტკიცებით, “ქართული ოცნება” არის გამარჯვებული პარტია და ეს ოპოზიციამაც კარგად იცის.
“არ მოგატყუებთ და ვიტყვი, უფრო მეტის მოლოდინი ჩვენც გვქონდა, მაგრამ დაჯდა ის რიცხვი, რაც დაჯდა. პოლიტიკა იმას გვასწავლის, რომ რა ხმასაც მიიღებ, იმისთვის უნდა გადაუხადო ამომრჩეველს მადლობა და არ მიაყარო სახეში მიღებული ნდობა…
მეორე მხარეს არის ჭრელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ხანდახან სიმდიდრეს ნიშნავს და ხანდახან პრობლემებს. და ვხედავთ, აშკარად გამოხატულ რადიკალურ ძალას ევროპული საქართველოს ზოგიერთი ლიდერის (ყველაზე ეს ალბათ, არ ითქმის) სახით, რომელიც ცდილობს, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც უფრო მეტი ხმაც მიიღეს, უფრო სწორი კამპანიაც აწარმოეს, გუშინ დააფუძნეს ლამის პარტია და მათზე მეტი ნდობა მოიპოვეს ხალხის, ისინი ატარონ საკუთარ ჭკუაზე, ეს არის მათი დღის წესრიგი, რომ დარჩნენ ქუჩაში და სხვებიც ამყოფონ ქუჩაში”. – ამბობს ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი.