ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს შედგება. მხარებს 8 დეკემბერს გამართული დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებების დეტალები კვლავ არ გაუსაჯაროვებიათ.
როგორც გუშინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, ელჩების თხოვნა იყო, რომ დეტალებზე საუბრისგან კვლავ თავი შეეკავებინათ.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების განცხადებით, ძირითად საკითხებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა.
“არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს ამას, რომ შევედი პარლამენტში, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ“, – განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 8 დეკემბრის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი – პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით”, – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
“საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, აქ არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და ხმები როგორ იყოს დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, იგივე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის შედეგი და დაახლოება არ გვაქვს, საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს“,-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„პარლამენტში შესვლას და იმ უტიფარ სპეკულაციებს, რაც დღეს დაიწყეს, ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც განვიხილავთ და პირველივე დღიდან ამას ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე. იმედი მაქვს, რომ იქნება შეთანხმება თუ არ იქნება შეთანხმება, არ იქნება შეთანხმება, რა ვუყოთ?! ერთი რამ შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ საუბარია როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, ასევე თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“,- განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.