დედაქალაქის მერმა თბილისის ინფრასტრუქტურის სამსახურს კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემის ხიზანიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულება დაავალა. ამის შესახებ დედაქალაქის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან გლდანში, კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„იცით, რომ ძლიერი წვიმების დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სანიაღვრე ქსელი და მთელი დატვირთვა მოდის ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე. ჩვენ გვაქვს პრობლემა. ქუჩები, რომელიც ამ ორ ცენტრალურ ქუჩას უერთდება, სანიაღვრე სისტემა არცერთ მათგანზე არ არის გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ
მისივე თქმით, წვიმის დროს დაგროვილი წყალი პირდაპირ ქუჩებზე მოედინება და შედეგად კორპუსების ეზოები იტბორება. კალაძემ აღნიშნა, რომ გამგეობებს დავალებული აქვთ, ეზოების კეთილმოწყობის დროს მაქსიმალურად განხორციელდეს სანიაღვრე სამუშაოები.
ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაავალა, რომ კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემა ხიზანიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემაზე დაერთდეს.
კალაძის განცხადებით, კეცხოველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად სანიაღვრე ქსელის მოეწყობა.
„პარალელურად წყლის მიწოდების სისტემის შეცვლა ხდება. შემდეგ ეს მაგისტრალი უნდა დაერთდეს ცენტრალურ მილზე, რომელიც ხიზანიშვილის ქუჩაზეა და გლდანის პარკთან სპეციალური ჭა მოეწყობა. შედეგად, კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემა ხიზანიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემაზე დაერთდება. გავალებთ, რომ რამდენიმე დღეში მთლიანად იყოს დასრულებული ეს სამუშოები, რათა უხვი ნალექის შედეგად ქუჩებში წარმოქმნილი პრობლემა მაქსიმალურად მოიხსნას“, – განაცხადა კალაძემ.