დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 225 მილიონი ლარით იზრდება. ინფორმაცია თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა. კახა კალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი, ჯამში, მილიარდ 100 მლნ ლარით განისაზღვრება. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ამით “სპეკულაციები უნდა დასრულდეს”.
საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად თბილისის მერიამ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ნოემბერში წარუდგინა და ის 840 მლნ ლარს შეადგენდა.
„თბილისის მერიამ საკრებულოში წარადგინა ბიუჯეტი, რომელიც არ იყო დასრულებული და შეადგენდა 840 მლნ ლარს. მითქმა-მოთქმა ატყდა, რომ ბიუჯეტი შემცირდა. ბიუჯეტს დაემატება 225 მლნ ლარი, უახლოეს დღეებში თბილისის საკრებულოში გადაიგზავნება განსახილველად და ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის მოცულობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი. ამ თანხას წლის დასაწყისში კიდევ 50 მლნ დაემატება ზემოდან და საბოლოოდ 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მლნ-ზე მეტი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის მესამედი მიმართული იქნება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად და დაახლოებით, 350 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, 350 მლნ დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს თბილისელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.