ვაშაძე: შეთანხმების გარეშე შესვლას არსად არ ვაპირებთ, ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით

1053

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მათზე ხორციელდება ბინძური თავდასხმა და ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას სანამ შეთანხმება არ იქნება.

“სტრატეგია აღმაშენებელი შეთანხმების გარეშე შესვლას არსად არ აპირებს, სამწუხაროდ ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინა საარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის ბატონი ნიკა გვარამიას მხარდამჭერმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის”, — განაცხადა ვაშაძემ.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. ამ დროისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესვლას არ აპირებენ და თუ ვინმე აპირებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა.

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავენ, რათა პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს და კრიზისი, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, განიმუხტოს.