ბათუმის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

365

ბათუმის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.

შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საზოგადოებას აქტიური თანამშრომლობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.

წითელი ჯვრის დახმარებით, ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 300-300 ლარი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.

,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა სოციალურ პროექტზე მუშაობას. ერთობლივი რესურსებით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, ვინც პანდემიის პერიოდში აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათებისა და მედიკამენტების გადაცემის პროცესში” – არჩილ ჩიქოვანი.