პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს უყრის.
აღნიშნული თანამდებობის პირების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.
რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის სპიკერის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მეათე მოწვევის პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე უკვე დაასახელა მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
რაც შეეხება ვიცესპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევა, ხოლო პარლამენტის ორ ვიცე-სპიკერს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე კი, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ორი ფრაქციის წარდგინებით აირჩევა, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.
პარლამენტის სპიკერისა და ვიცესპიკერებისგან განსხვავებით, კომიტეტის თავმჯდომარე ღია კენჭისყრით აირჩევა. პარლამენტში 15 კომიტეტია და მათ ხელმძღვანელებს ფრაქცია “ქართული ოცნება“ დაასახელებს.