„გირჩი” პარლამენტში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი – ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მთავარი, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს იქ, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “გირჩის” მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებასთან.
„ამდენი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჩვენ ფაქტობრივად ვერ მოვახერხეთ ამ მოლაპარაკებაში ვინ რას უჭერს მხარს, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი – ეს ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და მიდის რაღაც შავ, ბნელ ოთახში რაღაც თამაში. ჩვენ გვინდა მივიღოთ საშუალება და უფლება დავიწყოთ საუბარი იმ მოლაპარაკებებზე, რაზეც მხარეები საუბრობენ. მოლაპარაკებების ეთიკა გულისხმობს იმას, რომ ისინი დაიცავდნენ კონფიდენციალურობას, რაღაც პერიოდის განმავლობაში და მე არ მაქვს უფლება ჩავშალო რაიმე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჩემგან აქვს მოთხოვნა, რომ ვუთხრა ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემის უფლება მე არ მაქვს.
„გირჩის” მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება მთავარი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგრამ განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებასთან. რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც სხვებისთვის და ამის შესახებ ყველამ იცის და ეს მოლაპარაკება უნდა შედგეს მთელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები, რაც “გირჩს” აქვს, ამის დაკმაყოფილებაში ვითხოვთ ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის განმარტებით, მოლაპარაკებების ჩაშლა ისეთი პარტიების ინტერესშია, რომლებმაც არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.