საბა ბუაძე: რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საკუთარი თავის დელეგიტიმაციას ნიშნავს

399

თითის გაშვერა მოლაპარაკებების პროცესში არის არასწორი. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის შეხვედრამდე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა არის თუ არა ზეწოლა ოპოზიციური პარტიების მიმართ, როდესაც ისმის „მკაცრი მოწოდებები რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის წევრები პარლამენტში შევლენ ეს ნაბიჯი მათთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება“.

საბა ბუაძის თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საკუთარი თავის დელეგიტიმაციას ნიშნავს.

„თითის გაშვერა მოლაპარაკებების პროცესში არის არასწორი. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა, ერთიანი სულისკვეთება იმისთვის, რომ როგორც ერთიანმა ოპოზიციამ მოვახერხოთ და დავანახოთ ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების უალტერნატივობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპექტრში მოსაზრებები ყოველთვის 100%-ით თანმხვედრი არ არის. არსებობს განსხვავებული პოლიტიკური ტემპერამენტი, განსხვავებული შეხედულებები მთელ რიგ საკითხებზე, მაგრამ, მთავარია გვესმოდეს ერთი რაღაც. ერთი ორი და სამი ადამიანის პარლამენტში შესვლა ვერანაირად ვერ მოახდენს ამ ცრუ პარლამენტის ლეგიტიმაციას. რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა ნიშნავს საკუთარი თავის დელეგიტიმაციას, და არა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის ლეგიტიმაციას“,-აცხადებს ბუაძე.

კითხვაზე, უშვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტში შევიდეს, ბუაძე დასძენს: „შესაძლებლობას ყველანაირს ვუშვებთ, თუმცა, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არსებობს. ჯერჯერობით ყველას პოზიცია მყარია, რაც პირადად მე მაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს“,-აცხადებს ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.