„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” არ მიდის დათმობაზე ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალოს და პარლამენტში შევიდეს.
ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც დავით ბაქრაძე ამბობს, როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, არჩევნების ლეგიტიმაცია და პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება მკაფიოდ “ქართული ოცნების” თამაშია.
„იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” გუშინაც კი, რაუნდის შემდეგ, მკაფიოდ ამბობდა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთვის მთავარ საკითხებზე, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება და ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ “ევროპულმა საქართველომ” შეიცვალოს პოზიცია.
ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მიგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ბოლომდე შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული საჯაროდ პარლამენტში არშესვლასთან დაკაშირებით. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, იმ პირობებში, როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, დღეს მოქმედი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება არის მკაფიოდ “ქართული ოცნების” თამაში.
ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენ პარტიებშიც შენარჩუნდება ის ერთიანობა, რაც იყო დღემდე და ოპოზიციური სპექტრი იქნება სრულიად ერთიანი ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალ არჩევნებში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში, საარჩევნო პაკეტის გაუმჯობესებაში და ამ სამივე ელემენტის გარეშე რაიმე სერიოზულ დათმობაზე წასვლა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ გააძლიერებს “ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.