თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამ შემთხვევაში არავინ აპირებდა პარლამენტში შესვლას და ახლა ვნახოთ, – ასე უპასუხა ოპოზიციის შეხვედრაზე მისულმა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ დაირღვეს ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, აქამდე მას ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებისგან ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ შედგებოდა, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდებოდა.
„მე რაც ნანახი მაქვს და რაც მქონია ამ ადამიანებთან საუბარი აქამდე, მათი პოზიცია იყო ის, რომ ან შეთანხმება შედგება მოლაპარაკების მაგიდაზე, ან თუ არა, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. გუშინ რაღაც პუნქტები გავიარეთ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადებიდან და ოპოზიციის ერთიანი პოზიციიდან. რაღაც პუნქტები იყო, სადაც თანხვედრა შესაძლებელია, მაგრამ იყო პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა საერთოდ. ოპოზიციის ერთობის დარღვევის მოლოდინი რატომ უნდა მქონდეს, არ ვიცი, ვნახოთ,“- განაცხადა ზურამ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან 7-მდე დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს.