სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად 7.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ტენდერის თანახმად, კომპანიამ საბაგირო გზის ინფრასტრუქტურა უნდა ააშენოს, რის შემდეგაც ადგილზე კომპანია Dopplemayr-ის კაბინები და კაბელები დამონტაჟდება.
“ტექნიკური დავალება განსაზღვრავს რუსთაველის გამზირიდან მთწმინდის პარკის მიმართულებით საჰაერო საბაგირო გზის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ტექნიკურ პირობებს. პროექტისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად უნდა განხორციელდეს ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია, ახალი ზედა სადგურის მშენებლობა, საყრდენი ანძებისთვის ფუნდამენტების და ანკერების მოწყობა. სამშენებლო ობიექტი მდებარეობს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პლატომდე რამოდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ: ქვედა სადგური მდებარეობს რუსთაველის გამზირზე მეცნიერებათა აკადემიის შენობის მიმდებარედ ნიშნულზე 432,77 მ.; ზედა სადგური მდებარეობს მთწმინდის პლატოზე ნიშნულზე 722.31 მ.; ხოლო ანძები განლაგებულია მთაწმინდის ფერდზე და სადგურბის მიმდებარედ”, – ნათქვამია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ ტენდერში კომპანიებისგან წინადადებებს 13-18 იანვრის მონაკვეთში მიიღებს. განაცხადის აღწერიდან ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანია განხილავს მხოლოდ იმ კომპანიების შეთავაზებებს, რომელთაც 2018 წლის იანვრიდან დღემდე მინიმუმ 20 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები აქვთ შესრულებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი, საბაგიროს პროექტი მომდევნო 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო “რედისონის” მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, “რედისონის” ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად “მეცნიერებათა აკადემიის” შენობა განისაზღვრა.