საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს.
“მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის მნიშვნელობა, ან არ აქვთ გააზრებული და ან არ იციან. ეს ხომ შეუძლებელია?! როდესაც კვირების განმავლობაში ვამბობთ – შეიძლებელია, პარტიამ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მისი ნების გარეშე, მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც ამომრჩევლის ნებასა და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ოპონენტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეტალებზე ვისაუბრებთ. მე ვფიქრობ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება. იმიტომ რომ ვფიქრობ, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს! ისინი პარლამენტში შემოვლენ, გარკვეული შეთანხმება შედგება და ჩვენი ყველას გადაწყვეტილება საერთო და კომპრომისული იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.