გორის მერია: 2020 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 – მდე შშმ პირმა ისარგებლა

337

2020 წელს გორის მერიის ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 – მდე შშმ პირმა ისარგებლა, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტი შშმ პირებისთვის რამდენიმე სოციალურ პროგრამას ახორციელებს.

„ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები – 500 ლარი; დაუნის სინდრომით დაავადებული პირები – 500 ლარი; გლუტენის დაავადების მქონე პირები – 500 ლარი; ფენილკეტონურიით დაავადებული პირები – 500 ლარი; ჰიდროცეფალიით დაავადებული პირები – 500 ლარი;

ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული პირები – 500 ლარი; აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო სტაციონარული ამბულატორიული მომსახურება (კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები) და მედიკამენტები – 2000 ლარი.

გარდა ამისა, სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მერია აფინანსებს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“, რომელიც შშმ პირებს (25 შშმ პირი) ემსახურება. მერიის თანადაფინასების წილი შეადგენს 62 505 ლარს.

“ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გორის მერია ახორციელებს ითვალისწინებს შშმ პირების საჭიროებებს. გორის მუნიციპალიტეტში მერიაში დასაქმებულია 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს განცხადება საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად (საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი გარდა შესაბამისი დადგენილებისა, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზეც – ms.gov.ge).

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მისი მიზანია საზოგადოებისთვის შშმ პირების მხარდაჭერა და მათი საჭიროებების კიდევ ერთხელ შეხსენება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.