ენმ: ხოჯევანიშვილები სავაჭრო ცენტრს ხსნიან ობიექტზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს

386

გორში, ყოფილი კინოთეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჩამოართვეს და სავაჭრო ცენტრს ხსნიან, – ამ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გორში, ვასილისა ჯაბახიძე აქვეყნებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მისი განმარტებით, ამ პროცესის უკან ძმები ხოჯევანიშვილები დგანან და ამ ობიექტზე მშენებლობასაც მათთან დაახლოებული პირი აწარმოებს.

“გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილი კინოთეატრის შენობას, ოცნებაახდენილი ძმები ხოჯევანიშვილების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნეს, ახლა ანგრევენ და აქ სავაჭრო ცენტრს აშენებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ტერიტორია, გიორგი ჩაჩანიძეს ეკუთვნის, მაგრამ ყველამ იცის, რომ მის უკან ხოჯევანიშვილები დგანან. თავდაპირველად, ამ პირმა თავისი სახელით შეისყიდა ეს ობიექტი აუქციონის წესით, შემდეგ კი 3 დღის დაარსებულ კომპანიაზე გადააფორმა. ეს ჩაჩანიძე ერთ-ერთი პაიკია, რომელზეც ხოჯევანიშვილები ქონებას აფორმებენ. თუ შეისწავლით დოკუმენტებს სიღრმისეულად, ბევრი გადაკვეთის წერტილი შეგხვდებათ ჩაჩანიძესა და ხოჯევანიშვილებს შორის. სხვადახვა კომპანიებში მეწილეები არიან მათი ოჯახის წევრები. ეს გარემოება კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს კორუფციულ გარიგებებზე, მოარგეს ხოჯევანიშვილებზე ყველაფერი, რომ უფრო მეტი ფული იშოვნონ”,- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ვასილისა ჯაბახიძე.