სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

374

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, 12:00 საათისთვის დროებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ და იქ აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს „დაიცავი არჩევანის“ თავმჯდომარე დავით ნებიერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გუშინდელმა ღამემ პარლამენტთან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და პოლიციას არავინ დაუჯარიმებია. როგორც მან აღნიშნა, ღამის განმავლობაში საორგანიზაციო საკითხების გადაჭრით იყვნენ დაკავებულნი და დღეიდან უკვე უწყვეტ რეჟიმში ექნებათ ელექტროენერგია, გათბობა, კვება, მიკროფონები და დინამიკები. ნებიერიძის განცხადებით, სახალხო მოძრაობა მთელ საქართველოს მოედება.

„დღეიდან ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს თავისუფლების სივრცე გადავაქციოთ თავისუფალი ადამიანების ასპარეზად. ეს არის სახალხო მოძრაობა, ქართველი ხალხის დაკვეთა და დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მათ მიერ ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი უმცირესობაში არიან და ჩვენ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის სახელით ველაპარაკებით. ბიძინა ივანიშვილსაც ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინია. ეს მოძრაობა უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება, ჩვენ გეგმაში გვაქვს ერთ-ორ დღეში გარკვეული ნაწილი ამაყ ბათუმელ ხალხს ვესტუმროთ, რომელთაც მთელ საქართველოს უბადლო მაგალითი მისცეს თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში და გზად ჩვენ შევეცდებით ყველა დიდ ქალაქში აღვმართოთ თავისუფლების ალამი. სახალხო მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს.

დღეს ყველა ორგანიზაციულ საკითხს მოვაგვარებთ თუ არა, უკვე აქტიურ მოქმედების რეჟიმზე გადავალთ, 12 საათისთვის ვაპირებთ გადავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და ბატონ გახარიას კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ პასუხი მისი კორუმპირებული ხელისუფლების მიერ შეჭმული მილიარდებისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოუყო ქართველ ხალხს და არა ამ ბიუჯეტის ვირთხებს,“- განაცხადა დავით ნებიერიძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს რომლებსაც აქციაზე მისვლის სურვილი აქვთ და ტრანსპორტის აკრძალვის გამო ამას ვერ ახერხებენ, მათი მოხალისეები საკუთარი ავტომობილით მიიყვანენ და შემდეგ უკან დაბრუნებას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტვისტების ნაწილმა გუშინდელი ღამე პარლამენტთან, კარვებში გაატარა. აქტივისტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პარალელურად, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსურ დახმარებასა და საჭიროების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.