თალაკვაძე: შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი ოპოზიციისგანაც სწორ გადაწყვეტილებებს მოითხვს

352

ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, შეთანხმებასთან ყველანი ახლოს არიან, „თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“.

„ყველა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ იმ მიზნის გარშემო, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას: დავამარცხოთ ვირუსი და აღვადგინოთ ეკონომიკა. პოლიტიკაც ამ მიზანს უნდა მოემსახუროს, პარტიებიც და ახალი პარლამენტიც.

პოლიტიკოსების ფუნქცია არის სტაბილიზაცია, ვითარების მართვა, მშვიდობის დაცვა და პრობლემების მოგვარება და არა ვითარების არევა და რადიკალური სცენარების მხარდაჭერა. საქართველო დღეს, როგორც არასოდეს, არის მომავალზე ორიენტირებული და ნებისმიერი ბლოკირება, ინსტიტუტების მუშაობის ხელოვნურად შეფერხება და პოლიტიკური პროცესის მხოლოდ სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენება, – მომავალს ეწინააღმდეგება. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ. შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში.

ამ საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარტიებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კეთების შანსი და ეს შანსი არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.