მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალური მხარდაჭერის ხუთპუნქტიანი პაკეტი წარადგინა და მთავრობას ამ პაკეტის მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვები მშრომელ ხალხზე თავდასხმას ნიშნავს.
„მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს სოციალური მხარდაჭერის ხუთპუნქტიანი პაკეტი, რომელიც ეყრდნობა აშშ-ს და ევროპის საუკეთესო გამოცდილებას. ამ პაკეტის გარეშე მივიღებთ უმწვავეს სოციალურ კრიზისს. 28 ნოემბერს დაწესებულ შეზღუდვებს თუ არ მოჰყვება სოციალური პაკეტი ჩვენ მივიღებთ საშუალო და ღარიბი ფენის სრულ განადგურებას. ამიტომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს ყველა მოქალაქისთვის საბანკო სესხების გადავადების პაკეტი, არა ისე, რომ მოხდეს სესხის ძირის გაზრდა ბანკების გამდიდრებისთვის. უნდა დაიწიოს საპენსიო სესხმა, დროა ეროვნული ბანკი გამოფხიზლდეს, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება. ეს სამი მოთხოვნა სასწრაფოდ უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივიღოთ პირდაპირი სოციალური კატასტროფა და თავდასხმა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, მშრომელ ფენაზე,” – განაცხადა დოლიძემ.
როგორც ანა დოლიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური მხარდაჭერის ხუთპუნქტიანი პაკეტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ტრანსპორტის აღდგენა ნახევარი წარმადობით, როგორც მოხდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყნებში; სესხების გადავადება; სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია; უმუშევრობის დაზღვევის შემოღება საკანონმდებლო დონზე და საპენსიო სესხის პროცენტის დაწევა/ეროვნული ბანკის ჩართვა.
შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.