ვიცეპრემიერი: ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის

314

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„შეგახსენებთ გაზაფხულს, როცა ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვები დავაწესეთ, ჩვენ მაშინაც კი არ გაგვიჩერებია ეკონომიკის რიგი დარგები, რომელთაც ამ სფეროს ზრდაში წვლილი შეჰქონდათ. მაშინაც ვეცადეთ, რომ არ შეგვეჩერებინა სამშენებლო აქტივობა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკისთვის კი არ იყო საჭირო, არამედ იმ სფეროში დასაქმებული სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის. ჩვენ ამ სტრატეგიით ვმოქმედებდით პანდემიის პირველივე დღეებიდან“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ტურისტული სექტორი ყველაზე თვალსაჩინოდ დაზიანდა, ამიტომ ზაფხულის პერიოდში ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეწესებინა მკაცრი შეზღუდვები. „ტურიზმის სექტორი მშპ-ს 18%-ს ქმნიდა და ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული, ამიტომ უნდა დაგვეშვა შიდა ტურიზმის განვითარება, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო აჭარის, გურიის და სხვა რეგიონის მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ტურისტული სექტორი მკაცრი რეგულაციების დაცვით მუშაობდა. „სექტემბერსა და ოქტომბერში დინამიკის ზრდა პროგნოზურებადი იყო, ამაზე საუბრობდა ყველა ქვეყანა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგები. როდესაც სექტემბერში აჭარაში გვქონდა შემთხვევების ზრდა ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა იმისთვის რომ ეს საკითხი წერტილოვნად აღგვეკვეთა “, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოქმედებდა და მოქმედებს სწორად. „საარჩევნო პროცესმა, გამოხატვის თავისუფლებამ სამწუხაროდ ის შედეგი მოგვიტანა, რასაც თქვენ ციფრებში ხედავთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.