ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივი სცენ დემოკრატიულ არჩევანს

380

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს, რომ გამოავლინონ პასუხისმგებლობა, პატივი სცენ დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ კომპრომისი.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხების მომხსენებელი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული აქტივობის წამყვანი მხარდამჭერი ვიოლა ფონ კრამონი.

როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა და დიპლომატიური სამსახურის შეფასებას პირველ ტურთან დაკავშირებით. ამასთან, მეორე ტურის შემდეგ ისინი ყველა საფუძვლიანი საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას ელიან.

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს გამოავლინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ელექტორატის დემოკრატიულ არჩევანს და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის საშუალებით, რომლის ფასილიტატორები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები არიან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ყველა პოლიტიკური ძალა ახლადარჩეულ პარლამენტში ახლა უნდა მუშაობდეს კონსტრუქციულად და ამასთან გაითვალისწინოს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა”, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს:

“მოვუწოდებთ, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას ახალი საარჩევნო რეფორმის შედეგად, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ეს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება”.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.