პრემიერმინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

512

საქართველოს პრემიერმინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კლინიკა „მედ-ალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა პაციენტის მონიტორინგი, მათ შორის მათი, ვინც კოვიდსასტუმროში ან სახლში მკურნალობს. მისივე თქმით, განიხილეს საწოლფონდის გაზრდის საკითხიც.

როგორც ამბროლიანმა განაცხადა, ქვეყანაში მარტივი მდგომარეობა არ არის, თუმცა ვითარება მართვადი და კონტროლირებადია.

„საუბარი იყო იმ საკითხებზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს და რა საკითხებიც არის პრობლემური, ინფიცირების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს ყველა პაციენტთან შემხებლობა, ყველა პაციენტის კონტროლი და მონიტორინგი. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. პაციენტებში იგულისხმებიან ისინიც, ვინც არიან კლინიკებში და ისინიც, ვინც კლინიკაში მოთავსებას საჭიროებენ ან კონტროლს თვითიზოლაციასა და კარანტინში. როგორ მოხდეს ამ პროცესების დალაგება, რომ ყველას ჰქონდეს ყურადღება, რომ პაციენტის დამძიმება არ მოხდეს. ვისაუბრეთ საწოლფონდის გაზრდაზე და ა.შ.”,- განაცხადა ამბროლიანმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის დავალებით, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. სარესტორნო ბიზნესის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთანაც გაიმართა.