კაპანაძე ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებაზე: პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე

375

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორების ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა ეს ინსტიტუტები, თუმცა ინსტიტუტების მხრიდან რეაქცია იყო სრული უგულებელყოფა და არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მაგრამ პარტნიორების კონკრეტული, მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, სწორედ ოპოზიციაზეა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

„ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდება, გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ჩვენ, მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა, არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არცერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხირდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.