სამადაშვილი: საქართველოში ტარდება არჩევნები ისე, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში – განვითარების ამ ეტაპზე მივედით ნულოვან წერტილზე, საიდანაც დავიწყეთ

398

საქართველოში დღეს ტარდება არჩევნები ისე, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, ამ არჩევნების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლა ქვეყანაში ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში უკვე შეუძლებელია განმეორებითი არჩევნების ჩატარება, ამიტომ ახლა ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. როგორც სამადაშვილი ამბობს, ამ პროცესშიც, როცა შედეგების გამოცხადება არ გადავადდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას რეალურად მოლაპარაკება არ სურდა.

„იმ გაყალბების შემდეგ, რაც ჩვენ პირველ ტურზე ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ ივანიშვილმა არჩევნებს დაუკარგა აზრი, ამიტომ მეორე ტურში არმონაწილეობის იდეა იყო, მათ შორის ის, რომ ხაზი გაგვესვა რომ დიახ, საქართველოში დღეს ტარდება არჩევნები, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, უბრალოდ, ამ არჩევნების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლა ქვეყანაში ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა. შესაბამისად, რაც დაჭირდებოდა იმ ციფრებს დაწერდა მეორე ტურშიც. გუშინდელი დღეს იყო გროტესკული და კარგია, რომ ადამიანებმა იუმორით შეხედეს ამას, ბევრი ხუმრობა იყო სოცქსელებში. ჩემთვის იყო ძალიან მძიმე დღე, რადგან მქონდა განცდა, რომ განვითარებაში მივედით ნულოვან წერტილზე, საიდანაც დავიწყეთ.

ლოგიკურად თუ შევხედავთ არჩევნების დინამიკას, დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, რომ რამდენიმე კანდიდატს, თუ ყველას არა, ბევრს ჰქონდა შანსი გამარჯვების, მაგრამ ის, რაც არის ალოგიკური, არის ის, რომ არ ვიცი, დამატებით რა ბერკეტებს გამოიყენებდნენ, შეიძლება ყუთების გატაცება რომ გვახსოვს 90-იან წლებში, მოპარვა, ძალადობა – ალბათ, ყველაფერს გააკეთებდა ხელისუფლება, რომ ხელი შეეშალა კონკრეტული კანდიდატების გამარჯვებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ დღეს უკვე ვადამდელ არჩევნებს, განმეორებითზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ეს არჩევნები გააფორმა უკვე ცესკომ. დღეს ამ არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის შეიძლება ერთადერთი გზა იყოს და ეს არის სასამართლოს მიერ არჩევნების გამოცხადება შეუმდგარად და ასე შეიძლება დაინიშნოს განემორებითი არჩევნები. ამიტომ ამ ეტაპზე, როცა ცესკომ მოაწერა ხელი რასაც მოაწერა, შეიძლება ითქვას, რომ დაასვა ბეჭედი. აქედან გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არც ჰქონდა გეგმაში რაიმეზე მოლაპარაკება, რადგან თუ მოლაპარაკება სურდათ, შეიძლებოდა ეს პროცესი როგორც მინიმუმ გადაევადებინათ,“ – განაცხადა სამადაშვილმა.