სამადაშვილი: როგორც ჩანს, მივდივართ იქითკენ, რომ პირველად გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი – ეს ყველას წარუმატებლობაა

407

ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქვეყანაში, არის პოტენციურად ქვეყნის დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის მატარებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარებაში შეთანხმების მიღწევა არის მნიშვნელოვანი.

„ის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ქვეყანაში, არის პოტენციურად ქვეყნის დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის მატარებელი. რას ვგულისხმობ ამაში – ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ნარჩუნდება მაშინ, როცა ადეკვატურად არის მეტ-ნაკლებად ასახული პოლიტიკური სენტიმენტები და ადამიანების პოლიტიკური არჩევანი საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვითარებაში, როცა ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, ჩვენ შეგვექმნება უფრო და უფრო ღრმა კრიზისი. სულ უფრო დაშორებული იქნება ერთმანეთისგან, რა სურს ხალხს და ვინ მართავს ამ ხალხს. ამიტომ ამ არჩევნების როგორი შეფასებებიც არ უნდა დაიდოს და ვფიქრობ, რომ საბოლოო შეფასებები იქნება უფრო მკაცრი, როდის გამოიღებს ეს შედეგს, მე არ ვიცი. ზეწოლა უნდა იყოს დასავლეთიდან და ქვეყნის შიგნითაც, საბოლოოდ ეს ვადამდელი არჩევნების სახით შედეგს გამოიღებს,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, როგორც სალომე სამადაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შეფასებისას აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალი არ არის და მათი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი.

„ეს პოზიცია ახალი არ არის, გამეორდა კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ, მაგრამ სხვა პოზიცია არასდროს დაუფიქსირებია არც ევროკავშირის ელჩს და აშშ-ის წარმომადგენლებს. მათი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი. რეალურად დღეს იკვეთება სამი პოზიცია: ერთი არის რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, მეორეა ჩვენი პოზიცია და გვაქვს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები შედგა და არანაირ განმეორებით არჩევნებზე არ აპირებენ საუბარს. ამბობენ, რომ შემობრძანდით პარლამენტში ან ნუ შემობრძანდებით, სხვადასხვა პოზიციები აქვთ და არიან დანაწევრებული, ზოგი ამბობს, გინდა შემოდით გინდა გადით, ზოგი ამბობს, ეგებ მაინც შემოხვიდეთ.

ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეთანხმების მოძებნა ძალიან რთული ჩანს და როგორც ჩანს, ჩვენ მართლაც მივდივართ იქითკენ, რომ გვეყოლება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტი პირველად. ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარუმატებლობაა ჩვენი ყველასი და პირველ რიგში ქვეყნის, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.