ცესკო: არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარია შესული

302

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარია შესული.

როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აქედან 3 ზუგდიდის ოლქში დაფიქსირდა და ის პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„ეს გახლავთ რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება, გადასატანი ყუთის თაობაზეა საჩივარი და ასევე წილისყრის პროცედურის დარღვევაზე. რაც შეეხება ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, ხოლო ისანში ასევე გახლავთ ერთი საჩივარი, რომლის არსი დამკვირვებლის უფლებებს ეხება. საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლის საჩივრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება რეაგირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა 8 პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.