ბაქრაძე: გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება

400

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არის ერთი მთავარი საკითხი -რიგგარეშე არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.

დავით ბაქრაძის თქმით, გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველო პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.

„ჯერჯერობით დიალოგში სიახლე არ არის. აშშ-ის სახელწიფო მდივნის ვიზიტის დღეებში სიახლე ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ ახლა საელჩოც და ელჩიც ყველა გადართულია ვიზიტზე. რაც შეეხება საკითხებს, მოლაპარაკებათა მაგიდაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. მიგვაჩნია, რომ იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ ქვეყანა შეიყვანა, გამოსავალი, რომელსაც ყველა ქვეყანა იყენებს პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ახალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ეს არის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების მოსვლა. ვიმეორებ, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვიგონებთ. ვადამდელი არჩევნები ყველა დემოკრატიაში არის სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც პოლიტიკური კრიზისები განიმუხტება.

გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველო პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კრიზისი გაგრძელდეს, ჩვენ არ გვინდა არასტაბილურობა და დაპირისპირება, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას 4 წელი ვერ მართავს ხელისუფლება, რომელსაც მოსახლობის მინიმუმ ნახევარი არ ენდობა და ფიქრობს, რომ მანდატი გაყალებული აქვს. ამიტომ, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვიმედოვნებ, „ქართული ოცნება“ გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას და ძალიან დიდ ტვირთს, რომელიც მას აქვს აღებული ამ ქვეყნის წინაშე. გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნებია“,-განაცხადა ბაქრაძემ.