კალაძე “სირცხვილის კორიდორზე”: ეს არის სს დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

403

“ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების შესაძლებლობა აქვთ და სწორი ხედვა აქვთ. ბევრმა დაგმო ეს ფაქტი იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს არჩევნებზე, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევნების გაკეთებაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, კვირას  გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ. ვარშალომიძის ამ მოწოდებას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა. გარდა ამისა, ვარშალომიძის მოწოდება თვით “ნაციონალური  მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმაც გააკრიტიკა.