სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი საქართველოს” სარჩელები არ დააკმაყოფილა

460

თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოსა” და “დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს” სარჩელები არ დააკმაყოფილა. ორივე პარტია გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

“ევროპული საქართველო” ცესკოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა და პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი.

,”ევროპული საქართველოს” ორი სარჩელი იყო შემოტანილი. ერთი ეხებოდა პროპორციულ შემაჯამებელ ოქმს, რაც ცესკომ გააკეთა უკანონოდ. კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე ცესკოს მხრიდან არჩევნების შეჯამებას, ეს აკრძალვა ცესკომ დაარღვია, თუმცა სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა, როგორც ჩანს აქაც პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი. მეორე მოთხოვნა ეხებოდა საარჩევნო გარემოს, როგორც ჩატარდა არჩევნები კენჭისყრის დღეს, დაწყებული ბიულეტენების გატანით, დასრულებული „კარუსელის“ ორგანიზებით, ოქმების გადასწორებით და სხვა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ყოველი მესამე ოქმი პროპორციულ არჩევნებში არის დაუბალანსებელი. ჩვენი მოვითხოვეთ ასეულობით უბნის გადათვლა, სადაც ბალანსი არ დგებოდა, თუმცა ეს მოთხოვნა არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ამის პარალელურად, ყველა მოქალაქემ საკუთარი მშვიდობიანი პროტესტით უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ “ეს არალეგიტიმური ნაბიჯები უკან წაიღოს”.

“დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო” ოლქებში ხმების გადამოწმებასა და პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვდნენ. პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი ჭყოიძის თქმით, ისინი იმ ოლქების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ, სადაც მათ ხმები მოპარეს.

“არანაირი ილუზია ჩვენ არ გვქონდა, რომ ივანიშვილის სასამართლო რაიმე ლოგიკურ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ეს დადასტურდა კიდეც. არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივრები სასამართლომ. ვერც არგუმენტი მოიყვანეს და არც ჩათვალეს საჭიროდ. საერთოდ მოწინააღმდეგე მხარე არც გამოცხადდა. სასამართლო ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ ივანიშვილის პირდაპირი ბრძანებებით”, — ამბობს ჭყოიძე.