კალაძე: ოპოზიციაში იციან, რომ მეორე ტურში გამარჯვების შანსი არ აქვთ – არც ზედმეტი თანხის დახარჯვა უნდათ და არც ის, რომ დამატებით შეირცხვინონ თავი

372

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია.

როგორც მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდება.

„ესეც მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია. ძალიან კარგად იციან, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან. მათ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ გამარჯვების. უბრალოდ წინასწარ არც ზედმეტი თანხების დახარჯვა უნდათ და არც უნდათ დამატებით თავი შეირცხვინონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოსული ხალხი რუსთაველზე ხმების მოპარვას აპროტესტებს, პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა.