„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, დიპლომატების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრაზე ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, „რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე“, თუმცა ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე .
„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოსული ხალხი რუსთაველზე ხმების მოპარვას აპროტესტებს, პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა.